როგორ უნდა მოემზადოს დიზაინერი გასაუბრებისთვის და აიყვანონ სამსახურში?

Anri Shakiashvili
7 min readJan 12, 2025

--

ბევრი დიზაინერისთვის სამსახურის ძიება საკმაოდ რთული პროცესია: აქ უარი, იქ უარი, და ვერ ხვდები, რა გააკეთე არასწორად.

გადავწყვიტე გაგიზიარო ყველა ნიუანსი, რადგან თავადაც ოდესღაც ვეძებდი სამსახურს და ახლა უამრავ დიზაინერს ვესაუბრები. ჩემს გამოცდილებაში ძალიან ბევრი დიზაინერის პორტფოლიო მაქვს ნანახი — და ხშირად ეს სრული კატასტროფაა. თუ აქამდე ფიქრობდი, რომ ბაზარზე დიდი კონკურენციაა და ის გადავსებულია, ცდებოდი… იმისთვის, რომ დიზაინერის პოზიციაზე მიიღო სამსახური, გენიოსობა საჭირო არ არის, საკმარისია მხოლოდ 5 ძირითადი წესის დაცვა. სწორედ ამ წესებზე მინდა ვისაუბრო დღეს.

რა არის გასაკეთებელი, რომ გასაუბრებისთვის სწორად მოემზადო: 5 მარტივი წესი

1. პორტფოლიო

ყველაზე მარტივი, ყველასთვის გასაგები და უშეცდომო ვარიანტი — Behance-ის ბმული. დამიჯერე, მინახავს Google Drive-ზე და სხვა ღრუბლოვან სერვისებზე ატვირთული ფაილები, სადაც სრული ქაოსია. სულ რომ ყველაფერი ფოლდერებად გქონდეს დალაგებული — ეს მაინც ვერ დაგეხმარება. ასევე მინახავს, როცა პორტფოლიოს ბმული უბრალოდ Figma-ს ფაილია — პირდაპირ სამუშაო ფაილი უამრავი შიდა გვერდით და ელემენტებით.

ეს ძალიან მოუხერხებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შენი პორტფოლიო დიზაინერმა არ უნდა ნახოს. ასე ნუ გააკეთებ. გაუმარტივე ცხოვრება როგორც საკუთარ თავს, ისე რეკრუტერებს — შექმენი პორტფოლიო Behance-ზე.

სტოპ! და რა ხდება პორტფოლიო საიტზე? დაზოგე შენი ენერგია, თუ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ხარ. გაითვალისწინე, რომ საკუთარი პორტფოლიო საიტი — ეს სხვა დონეა და ის უნდა ასახავდეს შენს საუკეთესო უნარებს.

თუ ასეთი მაღალი დონის უნარები ჯერ არ გაქვს, დარჩი Behance-ზე, სანამ არ განვითარდები და არ მიაღწევ ისეთ დონეს, რომ შექმნა მართლაც შთამბეჭდავი პროდუქტები.

პროექტების მრავალფეროვნება
თუ კონკრეტულ ვაკანსიას ეძებ, გაუგზავნე დამსაქმებელს მხოლოდ შესაბამისი ნამუშევრების ბმული. ეძებ UX/UI დიზაინერის პოზიციას? პორტფოლიოში ჩადე მხოლოდ ის პროექტები, რომლებიც მოიცავს პროტოტიპების შექმნას, user flow-ს, ანალიტიკასთან მუშაობას და სხვა მსგავს ასპექტებს. კნუტების ბანერებსა და ილუსტრაციებს ნუ გააგზავნი.

ყოველთვის გქონდეს პორტფოლიო განახლებული, თუ ეძებ სამსახურს. იზრუნვე, რომ შენს პორტფოლიოში იყოს აქტუალური ნამუშევრები. მხოლოდ გამოქვეყნების თარიღის ცვლილება საკმარისი არ არის — შენს უნარებსაც უნდა ეტყობოდეს განვითარება და ზრდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

კარგი, პორტფოლიო განვიხილეთ. წავიდეთ წინ.

2. რეზიუმე

რა აღარ მინახავს რეზიუმეების თვალიერებისას. შენთვის გამოვყავი დიზაინერის რეზიუმეს 5 “არა”

ზედმეტად კრეატიულობა, მაგრამ ცოტა შინაარსი
რეზიუმე შესრულებულია ფერადი ინფოგრაფიკის სახით უამრავი ვიზუალური ელემენტით, მაგრამ შეიცავს ცოტა ტექსტსა და კონკრეტულ ფაქტებს. გამოყენებულია არასტანდარტული შრიფტები, ფერადი დიაგრამები და ნაკლები ინფორმაცია.

რატომ არის ეს ცუდი: რეზიუმე შეიძლება ვიზუალურად მიმზიდველი იყოს, მაგრამ თუ მასში ნაკლები ინფორმაციაა უნარების, გამოცდილებისა და პროექტების შესახებ, დამსაქმებელს არ ექნება საკმარისი საფუძველი გადაწყვეტილების მისაღებად. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვიზუალური მხარე, არამედ მისი შინაარსიც.

Enhancv

როგორ გამოვასწოროთ: დააბალანსე ვიზუალური ელემენტები ტექსტურ ინფორმაციასთან. დაურთე პროექტების მოკლე აღწერები, მიღწევები და უნარები. კრეატიულობა უნდა ავსებდეს ინფორმაციას და არა ანაცვლებდეს მას. ზოგჯერ უბრალო ტექსტური დოკუმენტიც კი შეიძლება უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე ფერადი ფურცლები.

კარგი რეზიუმე არის მარტივი

არარელევანტური გამოცდილება
არ დაამატო რეზიუმეში გამოცდილება, რომელიც არ უკავშირდება ვაკანსიას. შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ეს ირიბად გეხმარება, მაგრამ ასე არაა. თუ სამუშაო გამოცდილება, რომელიც გქონდა, არ ახდენს დიზაინერის პოზიციისთვის საჭირო უნარების დემონსტრირებას, არ შეიტანო ის რეზიუმეში.

არ დაამატო რეზიუმეში არარელევანტური გამოცდილება

რატომ არის ეს არარელევანტური: ოფიციანტად მუშაობის გამოცდილება არ უკავშირდება დიზაინერის უნარებს და არ აჩვენებს შენს შესაძლებლობებს გრაფიკულ ან UX/UI დიზაინში. მიუხედავად იმისა, რომ ამ სამსახურს შესაძლოა გაეძლიერებინა შენი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარები, ის შენ, როგორც დიზაინერს, არ გმატებს ღირებულებას.

როგორ გამოვასწოროთ: თუ გსურს ხაზი გაუსვა შენს soft skills-ებს, უმჯობესია ეს სხვა კონტექსტში გააკეთო. მაგალითად, ჩართე ფრეილანს-პროექტები ან სტაჟირებები მაშინაც კი, თუ ისინი პატარა მასშტაბის იყო, მაგრამ უკავშირდება დიზაინს.

მნიშვნელოვანია გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შენს პროფესიას

მიღწევების არარსებობა

ფოკუსირდი მიღწევებზე, მხოლოდ მოვალეობებზე არ გამახვილო ყურადღება. დამსაქმებლებს სურთ ნახონ, როგორ გახვედი რეალურ შედეგებზე. მოვალეობების აღწერა იძლევა ზოგად წარმოდგენას, მაგრამ კონკრეტული მიზნების მიღწევა და მაჩვენებლების გაუმჯობესება გაქცევს უფრო ღირებულ კანდიდატად.

მიღწევების არარსებობა არ წარმოგაჩენს მაინდამაინც კარგად

რატომ არის ეს ცუდი: მოვალეობების აღწერა ძალიან ზოგადია და არ იძლევა სრულ სურათს იმაზე, რამდენად წარმატებით შესრულდა დავალებები. დამსაქმებელი ვერ ხედავს, როგორ გავლენას ახდენდა შენი მუშაობა კომპანიაზე ან პროდუქტზე.

მიღწევები აჩვენებს შენს შედეგებს

რატომ არის ეს კარგი: აქ კონკრეტული ციფრები და შედეგები აჩვენებს, თუ როგორ გააუმჯობესა შენმა მუშაობამ კომპანიის მაჩვენებლები. ეს მაშინვე უქმნის წარმოდგენას დამსაქმებელს შენს ეფექტურობასა და ბიზნესში ჩართულობაზე.

თუმცა, ყველა არ აქვს მიღწევები საწყის ეტაპზე, განსაკუთრებით ციფრებში. მოდი, გავიგოთ რა უნდა გააკეთოთ ასეთ შემთხვევაში.

მართალია, დიზაინერებს ყოველთვის არა აქვთ წვდომა სტატისტიკაზე ან კონკრეტულ ციფრებზე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე აქვთ კომერციული გამოცდილება. თუმცა, მიღწევების ფორმულირება შესაძლებელია მაშინაც კი, თუ არ არსებობს რიცხვითი მონაცემები. შეგიძლია აქცენტი გააკეთო სამუშაოს ხარისხზე, მოგვარებულ პრობლემებზე და პროცესში გაუმჯობესებებზე. აი რამდენიმე იდეა, როგორ შეიძლება აღწერო მიღწევები, რიცხვებზე დაყრდნობის გარეშე:

პროცესის ან პროდუქტის გაუმჯობესება

შეგიძლია აქცენტი გააკეთო არა რიცხვებზე, არამედ სამუშაოს ხარისხზე

ამიტომ, თუნდაც კონკრეტული მონაცემები არ გქონდეს, მნიშვნელოვანია აჩვენო, რა სარგებელი მოუტანა შენმა მუშაობამ პროექტს ან პროცესებს. კონცენტრირდი იმაზე, როგორ გააუმჯობესა შენმა გადაწყვეტილებებმა გუნდის მუშაობა, მომხმარებლებთან ურთიერთობა და ა.შ.

და თუ საერთოდ არ გაქვს გამოცდილება? თუ შენ ახალი ხარ დიზაინში და მხოლოდ ახლა იწყებ კარიერულ გზას, მნიშვნელოვანია ყურადღება მიმართო იმ ასპექტებისკენ, რომლებიც აჩვენებს შენს პოტენციალს, განათლებასა და განვითარებისთვის მზადყოფნას.

დიდი სამუშაო გამოცდილების გარეშეც შესაძლებელია მიმზიდველი რეზიუმეს შექმნა თუ კონცენტრირდები სასწავლო პროექტებზე, სტაჟირებასა და განვითარების სურვილზე.

რჩევა: კონცენტრირდი სასწავლო პროექტებზე, ონლაინ კურსებზე, სტაჟირებებსა და პირად ინიციატივებზე. აჩვენე, რომ შენ გაქვს საჭირო უნარები და აქტიურად ვითარდები პროფესიულ დონეზე.

რა უნდა დაწეროს რეზიუმეში დამწყებმა დიზაინერმა?

სასწავლო პროექტები და ნამუშევრები

რატომ მუშაობს ეს: თუნდაც ეს სასწავლო პროექტები იყოს, ისინი აჩვენებს შენს უნარებსა და ცოდნას. აღწერე დავალებები და პროცესები, რომლებიც გაიარე: ანალიზი, პროტოტიპირება, ტესტირება და ინტერფეისის შექმნა.

ონლაინ-კურსები და თვითგანვითარება
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი:
შენს თვითგანათლებაზე ხაზგასმით, აჩვენებ, რომ აქტიურად სწავლობ და მზად ხარ გამოიყენო ცოდნა პრაქტიკაში.

ხაზი გაუსვი თვითგანათლებას

პირადი პროექტები
რატომ მუშაობს ეს:
თუ ჯერ არ გაქვს პროფესიული გამოცდილება, პირადი პროექტები — შესანიშნავი გზაა შენი შესაძლებლობებისა და ინიციატივების წარმოსაჩენად.

სტაჟირებები

სტაჟირებები და მოხალისეობრივი პროექტები ასევე რელევანტურია

დამწყებებისთვის მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვან უნარებს, განათლებასა და ინიციატივას. მიუხედავად იმისა, რომ არ გაქვს სამუშაო გამოცდილება კომპანიებში, სასწავლო პროექტებს, პირად ნამუშევრებსა და სტაჟირებაში მონაწილეობას შეუძლია აჩვენოს, რომ შენ უკვე გაქვს საბაზისო ცოდნა და მზად ხარ რეალურ პროექტებზე სამუშაოდ.

3. Soft-skills

დაიმახსოვრე, დამსაქმებლები აფასებენ გუნდურ მუშაობას, კომუნიკაციას და მოქნილობას — წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ფრეილანსერს მოძებნიდნენ. ახსენე ეს უნარები რეზიუმეში და აჩვენე ისინი გასაუბრებაზე. ხაზი გაუსვი იმას, როგორ დაგეხმარა ისინი პროექტებში. სხვებთან თანამშრომლობა, კრიტიკის მიმართ მიმღებლობა და კონსტრუქციული უკუკავშირი — მნიშვნელოვანი თვისებებია ნებისმიერი დიზაინერისთვის.

იყავი ღია დიალოგისთვის, არ ჩაიკეტო და განეწყვე მეგობრულად. თუ შენ უკვე გასაუბრებაზე ხარ, ეს ნიშნავს, რომ ზემოთ აღნიშნული ორი პუნქტი სწორად შეასრულე და შენთან საუბარი სურთ.

იყავი კომუნიკაბელური და არ ჩაიკეტო

4. ინტერვიუსთვის მომზადება

საკმაოდ გამაოცა იმ ფაქტმა, რომ უკიდურესად მცირე პროცენტული ნაწილი კანდიდატებისა არ აკეთებს რაიმე კვლევას იმ კომპანიაზე, სადაც ისინი გასაუბრებაზე მიდიან. შეისწავლე კომპანია: მოძებნე ინფორმაცია, გაეცანი მათ სოციალურ ქსელებს და ვებსაიტს, გაარკვიე, რა პროდუქტები და სერვისები აქვთ. გასაუბრებაზე შესაძლოა დაგისვან შეკითხვები, რატომ გსურს იმუშავო სწორედ ამ კომპანიაში და როგორ დაეხმარება შენი უნარები დამსაქმებელს განვითარებაში.

და თუ არ დაგისვამენ ამ შეკითხვას — ჩემი რჩევაა: თავად თქვი ეს. ეს გაზრდის შენს შანსებს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. შეეცადე აქცენტი გააკეთოთ იმაზე, რა შეგიძლია ამ კომპანიას შესძინო, არა იმაზე, რა შეუძლია მას შენ მოგცეს.

გაიგე ყველაფერი კომპანიაზე, სადაც მიხვედი გასაუბრებაზე

ხო მართლა, მზად იყავი იმისათვის, რომ თავმოყვარე კომპანიებში არსებობს რეკრუტირების რამდენიმე ეტაპი.

5. სატესტო დავალება

ვერ ვხვდები, ვინ გაავრცელა ეს ლეგენდა ინტერნეტში, მაგრამ ის ნამდვილად ვიღაცამ შეთხა: დიზაინერებო, რომლებსაც გინდათ თანხა სატესტო დავალების შესრულებისთვის ან ერიდებით რამდენიმე საათის დამატებით დახარჯვას იმისთვის, რომ აჩვენოთ საკუთარი შესაძლებლობები — რა ხდება თქვენთან?

მქონია შემთხვევები, როცა ადამიანები თავს არიდებდნენ დავალების შესრულებას, რადგან ეშინოდათ „დროის დაკარგვის“. თუ არაფერი გაქვს საჩვენებელი — არც გამოცდილება, არც მიღწევები — რისი დაკარგვის გეშინიათ? ეს ხომ თქვენი შანსია, რომ წარმოაჩინოთ თავი. თქვენ ხომ უკვე ნახევარი გზა გავლილი გაქვთ.

სატესტო დავალება შენი შანსია, რომ გამოჩნდე

როგორც წესი, სატესტო დავალებას იძლევიან ინტერვიუს მე-2 ეტაპის შემდეგ. დიახ, თუნდაც Google-ში მუშაობდე, როდესაც სხვა კომპანიაში გადადიხარ, ადამიანებს სურთ დარწმუნდნენ, რომ შენ გუნდის ნაწილი გახდები. მით უმეტეს, რომ სატესტო დავალებაში ხშირად არა შედეგია მნიშვნელოვანი, არამედ შენი აზროვნების პროცესი.

მაგალითად, ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Microsoft, დიზაინერებს იწვევენ whiteboard interview/challenge-ზე. როგორ გამოიყურება ეს? შენ მიდიხართ ოფისში ან აკეთებთ ამას Zoom-ის მეშვეობით. ჩვეულებრივ, იქ გხვდება 3–5 ადამიანი: შენ წინ დევს თეთრი დაფა. შენ იღებ დავალებას: “დააპროექტეთ ისეთი ონბორდინგის პროცესი, რომელიც დაეხმარება ახალ მომხმარებლებს პროდუქტის ძირითადი ფუნქციების სწრაფად და მარტივად გაგებაში.” და აქ იწყებ შენ ამოცანის შესრულებას თეთრ დაფაზე, რომელსაც უყურებენ დამსწრეები.

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გადაწყვეტილებები, არამედ შენი აზროვნება, შენი soft skills-ები, კომუნიკაციის უნარები და სწრაფი, მაგრამ გონივრული მოქმედების შესაძლებლობები.

როგორ მოვემზადოთ ასეთი დავალებისთვის?
პირველ რიგში, უნდა ისწავლო, როგორ გადაწყვიტო ასეთი ამოცანები — ყველაფერი არის პრაქტიკა! შეგიძლია იმუშაო ბრიფებზე, რომელთა გენერატორებიც ბევრია ინტერნეტში. ის დააგენერირებს UX-ამოცანებს, ხოლო შენი საქმეა მათი გადაწყვეტა.

რომ შევაჯამოთ
✅ პორტფოლიო
✅ რეზიუმე
✅ Soft-skills
✅ ინტერვიუსთვის მომზადება
✅ სატესტო დავალება

ეს 5 ძირითადი თემა, რომელთა მოწესრიგება დაგეხმარება დასაქმდე დიზაინერის პოზიციაზე. არ დაუშვა შეცდომები ამ მნიშვნელოვან პუნქტებში, და დარწმუნდები, რომ კონკურენცია უბრალოდ არ არსებობს.

--

--

Anri Shakiashvili
Anri Shakiashvili

Written by Anri Shakiashvili

I am passionate about creating digital products focused on immersion in user experience. Design is so simple. That’s why it’s so complicated.

No responses yet