თქვენ თამაშში ხართ

Anri Shakiashvili
3 min readJul 17, 2023

ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ მიდიხართ სამოგზაუროდ, ფიქრობთ შემოსავლის გაზრდაზე, ასხავთ საკუთარ ავტომობილში საწვავს, მიდიხართ სავარჯიშოდ სპორტდარბაზში ან რაიმე პროდუქტს თუ სერვისს ყიდულობთ, თქვენ თამაშში ხართ.
ეს თამაში დაიწყო ათასწლეულების წინ. მან დღემდე მოაღწია სახეცვლილი ფორმით და ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

Photo by Erik Mclean on Unsplash

თამაშები ყოველთვის ასრულებდა ფუნდამენტურ როლს ადამიანის ცხოვრებაში. ახლაც, ჩვენი ცხოვრება სავსეა თამაშებისათვის დამახასიათებელი კომპონენტებით. ამ პროცესს გემიფიკაციას უწოდებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვთ, გემიფიკაცია ნიშნავს თამაშის ელემენტების დამატებას ერთი შეხედვით „არასათამაშო“ სიტუაციებისთვის.

ამ სტატიაში მე შევეცდები მოგიყვანოთ რამდენიმე ცხოვრებისეული მაგალითი, რომელიც ნათლად დაგანახებთ, რომ თქვენ გაუცნობიერებლად უკვე გახდით ამ პროცესის ერთ-ერთი მონაწილე.

გადაიხადე და მიიღე საჩუქრები!

თუ თქვენ თვითმფრინავით გიმგზავრიათ სადმე, დიდი ალბათობით მიიღებდით შეთავაზებას კონკრეტული ავიაკომპანიის ლოიალობის პროგრამაში ჩართვის თაობაზე. Miles&Smiles იქნებოდა ამის ნათელი მაგალითი. მსგავს პროგრამაში ჩაბმის სურვილით აგრეთვე ხშირად მოგვმართავენ სასტუმროების, სუპერმარკეტებისა თუ რესტორნების ქსელები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ.

რასაც თქვენგან მსგავსი კომპანიები მოელიან არის „შეიძინე პროდუქტი და დააგროვე ქულები.“ გააქვს ქულები? მიიღე საჩუქრები. ეს გემიფიკაციის მარტივი მაგალითია და ის კარგად მუშაობს.

Photo by frame harirak on Unsplash

დაკავშირდი!

ყველას გამოგვიყენებია სოცქსელი Linkedin. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქმიანი კომუნიკაციის განვითარებას. Linkedin-ზე არსებული გემიფიკაციის ნათელი მაგალითია მომხმარებლისთვის მოტივაციის მიცემა, გახადოს პროფილი სხვა მომხმარებლებისთვის უფრო მიმზიდველი (Profile Strength). იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს თავის გვერდზე სრულყოფილად არ აქვს მითითებული მონაცემები, სისტემა მას „ურჩევს“ ამ ინფორმაციის დამატებას, რათა ქსელში უფრო მეტმა ადამიანმა აღმოაჩინოს მისი პროფესიული უნარები.

LinkedIn Gamification Booster

გარდა ამისა, LinkedIn გვთავაზობს მოხმარებელზე მორგებულ ანალიტიკას, თუ რამდენმა ადამიანმა ნახა მისი გვერდი, რამდენია აქედან უშუალოდ მასთან დაკავშირებული პირი და ა.შ. ეს არის გემიფიკაციის კლასიკური მაგალითი, რომელიც მიზნად ისახავს 3 რამეს — გაიზარდოს მომხმარებლის ჩართულობა, გაატიურდეს საქმიანი კომუნიკაცია და მოხდეს ინფორმაციის გაცვლა.

LinkedIn analytics

საწვავის ეფექტურობა

გინახავთ როგორ გამოიყურება თანამედროვე ავტომობილის ეკრანი, სადაც საწვავის მოხმარების მაჩვენებლებია გამოსახული? ფოტოზე გამოსახულია Honda Accord Hybrid-ის ეკრანი, რომელიც მძღოლს მოტივაციას აძლევს, მიაღწიოს საწვავისა და აკუმულატორის ენერგიის გამოყენების საუკეთესო ბალანსს.

Honda Accord Fuel Efficiency Dashboard

ჯანმრთელობა

სპორტული აქტივობის ტრეკერები დიდი ხანია გახდა თანამედროვე ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტი. ამის ნათელი მაგალითია Activity App, რომელსაც Apple გვთავაზობს სხვადასხვა დევაისებზე. ეს აპლიკაცია გვეხმარება დავისახოთ სპორტული მიზნები, გამოწვევები და შემდეგ შევასრულოთ ისინი. ის არამხოლოდ გვეხმარება გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და თავიდან ავიცილოთ დაავადებები, არამედ მეგობრებსაც შევეჯიბროთ სხვადასხვა სპორტული სირთულეების დაძლევაში.

Apple Activity App

უთხარი მსოფლიოს ამის შესახებ

E-commerce-ის ერთ-ერთი გიგანტი, ამაზონი მომხმარებელს პროდუქტის შეფასების შესაძლებლობას აძლევს. როდესაც მომხმარებელი კონკრეტული რაოდენობის ვარსკვლავებით პროდუქტს შეაფასებს, სხვა მომხმარებლებს შეუძლიათ მისი შეფასება ცალკე კიდევ შეაფასონ. მოწონების რაც უფრო მაღალი მაჩვენებელი ექნება კონკრეტულ შეფასებას, მისი ავტორი უფრო სანდო და დაფასებულ მომხმარებლად მიიჩნევა. ეს ფაქტი წარმოადგენს ადამიანებს შორის მეგობრული შეჯიბრების ელემენტს, რადგან ადამიანებს სურთ ატარონ საიმედო და ობიექტური შემფასებლის სტატუსი.

Amazon review

კაცობრიობის განვითარება და თამაშები მჭიდროდ არის ერთმანეთთან კავშირში. ყოფილა პერიოდი, როდესაც ადამიანებს სხვა არჩევანი არ ჰქონიათ თუ არა თამაში. ეს თამაშები კი მათ ცხოვრებას წყვეტდა. ერთადერთი რაც შეიცვალა არის ინოვაციის შემოტანა, რომელმაც საუკუნეების შემდეგ სათამაშო ატრიბუტების მდიდარი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. თუ ადრე თამაშობდნენ კამათლით ან ჭადრაკის ფიგურებით, დღეს მოთამაშე იყენებს პლასტიკურ ბარათს ან მაუსს.

როდესაც თქვენ კარგად შეისწავლით თამაშების მუშაობის პრინციპებს, თქვენთვის უფრო და უფრო ჩამთრევი გახდება ცხოვრებისეული გემიფიკაციის პროცესები.

--

--

Anri Shakiashvili

I am passionate about creating digital products focused on immersion in user experience. Design is so simple. That’s why it’s so complicated.